"თუ სააკაშვილი ჩამოსვლას გაბედავს, ეს “ოცნებასთან” შეთანხმებული იქნება"
29/09/2021 11:26:58 პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ეს “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებული იქნება.
“სააკაშვილის ჩამოსვლა, “ფეიკ” რაღაცის დადება, ეს არის “ოცნების” მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავის მომხრეების მობილიზება მოახდინოს. ამის იქით არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, ეს იქნება “ოცნებასთან” შეთანხმებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე, როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და არანაირი მნიშვნელობა აქვს ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, დღეს “ოცნებას” მაშველი რგოლი დასჭირდა, რომ ადამიანები შეაშინოს რაღაცით და ახლა აშინებენ ამით. ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება ეს რაღაც აჩრდილი, არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული”, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, დაჭერის შემთხვევაში, მისი გათავისუფლებაც “ოცნებასთან” შეთანხმებული იქნება.
სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან.


