საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი დააკვირდება
29/09/2021 13:10:34 პოლიტიკა
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი დააკვირდება.
„საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, კონგრესი საკუთარ მისიას 64 მუნიციპალიტეტში განათავსებს. მისიას უხელმძღვანელებს დევიდ ერეი (შვეიცარია). მისიის შემადგენლობაში შედის კონგრესის 18 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან. აღნიშნული მისია ეუთო/ოდირი-ს და ევროპარლამენტის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ნაწილია.
არჩევნების დღეს შესაბამის ადგილებზე განთავსებამდე, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს შეხვედრებს გამართავენ დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. კონგრესის დელეგაცია ასევე შეხვდება ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს თორნიკე ჭეიშვილს. კენჭისყრის დღეს კონგრესის ცხრა გუნდი განთავსდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და მიმდებარე სოფლებში. მისია 2021 წლის 3 ოქტომბერს, კვირას დასრულდება 20:00 საათზე, თბილისის „შერატონ მეტეხი პალასში“, ეუთო/ოდირი-სა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
მისი ცნობით, კონგრესის დელეგაციაში შედიან: დევიდ ერეი – დელეგაციის ხელმძღვანელი (შვეიცარია), რენდი მონდორფი – დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე (დანია), ლალე ბექთაში (თურქეთი), კარლა დეიონგე (ბელგია), იანა ფიშეროვა (ჩეხეთი), სამირა ჰუსეინოვა (აზერბაიჯანი), გიორგი ილესი (უნგრეთი), მატია კოვაჩი (სერბეთი), ჯუზეპე მანი (იტალია), ვლადიმერ პრებილიჩი (სლოვენია), კრისტოფერ ტამსონსი (შვედეთი), ერიონ ველიაი (ალბანეთი), ემინ იერიციანი (სომხეთი).


