მედია – საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ, მათ შორის საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი წამოაყენეს
29/09/2021 13:20:24 პოლიტიკა
საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი წამოაყენეს, – იუწყება Euobserver.
მისივე ცნობით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად, მათ შორის საქართველოდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები და არალეგალების რაოდენობის ზრდა სახელდება.
იმისათვის, რომ ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს საჭიროა არალეგალური ცხოვრების და თავშესაფრის მოთხოვნების რიცხვი 50%-ზე მეტით გაიზარდოს. ასევე, უვიზო მიმოსვლა შეუწყდება ქვეყნებს, რომლებიც თავიანთი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე უარს ამბობენ.
Euobserver–ის ცნობით, ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ გერმანიაში, გასულ სამ თვეში, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის რიცხვი, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51%-ით გაიზარდა, მოლდოვიდან კი 429%-ით.
საქართველოდან ჩასული არალეგალებით და თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდით უკმაყოფილოა საფრანგეთი და ჩეხეთიც.
საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება 2017 წელს მოიპოვა.


