ევროპარლამენტარს ღარიბაშვილის შემდეგ სააკაშვილი აკრიტიკებს
29/09/2021 14:11:18 პოლიტიკა
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ მესამე პრეზიდნტი მიხეილ სააკაშვილი აკრიტიკებს. კერძოდ, სააკაშვილის უკმაყოფილების მიზეზი ეროპარლამენტარის კომენტარი გახდა სააკაშვილის გეგმაზე, დაბრუნდეს საქართველოში.
"სააკაშვილის სურვილი, ჩავიდეს საქართველოში, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, "ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს მორიგ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში აუცილებლად შეიქმნება".საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია".
მისივე თქმით, "სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია".
ცნობისთვის: ორი თვის წინ ევროპარლამენტარის კრიტიკული პოზიციის საპასუხოდ, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები და ამიტომ, ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:
"ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. ეს ერთი. თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შედგენილი პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.


