Accentnews.ge
კობახიძე – სააკაშვილზე: "კანონი რომ გვაძლევდეს არდაკავების საშუალებას, შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო"

კობახიძე – სააკაშვილზე: "კანონი რომ გვაძლევდეს არდაკავების საშუალებას, შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო"

29/09/2021 20:58:31 პოლიტიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის საკითხზე „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა და არნიშნა, რომ შეიძლება, უკეთესიც ყოფილიყო, კანონი რომ მისი არდაკავების შესაძლებლობას იძლეოდეს.

„ჩამოვა, მოხვდება იქ, სადაც უნდა მოხვდეს ანუ მოხდება მყისიერად მისი დაპატიმრება, ეს არის ძალიან მარტივი სცენარი. თუ არ ჩამოვა, უკვე მეორე სცენარი, რომელშიც ვერანაირ რისკებს ვერავინ ხედავს. ორივე შემთხვევაში, წაგებული რჩება „ნაციონალური მოძრაობა," თუმცა, ქვეყანა ალბათ დაისვენებს თუ ის მოხვდება იმ დაწესებულებაში, სადაც ეკუთვნის მოხვედრა, მათ შორის, იმ ღალატის გამო, იმ რეზოლუციის ხელმოწერის გამო, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის გამო.

შანსი, რომ გვქონდეს, წარმოიდგინეთ, კანონი გვაძლევდეს [სააკაშვილის] არდაკავების საშუალებას, ეს შეიძლება უკეთესიც კი ყოფილიყო ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, ქუჩაში გაშვებული მიხეილ სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი. საბოლოო ჯამში, ის „მხარს უჭერს" ჩვენს საარჩევნო შანსებს, თავისი ქმედებებით, რადგან ვიცით, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი ასეთი აქტი ამ შიშებს ამძაფრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ ამომრჩევლის მობილიზაციაში გვეხმარება.

ქუჩაში რომ გავიდეს, ბევრად უკეთესიც იქნებოდა - ყველა დაინახავდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს აღარ ახსოვთ რა კლოუნი იყო, რა ტიპაჟი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორ იქცეოდა, იტყუებოდა, როგორ გაიქცა გორში თვითმფრინავის დანახვაზე და ა.შ. მშიშარა, ჩვეულებრივი კლოუნი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოაქვეყნა ავიაბილეთების ფოტოები, სადაც ეწერა, რომ კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა 2 ოქტომბერსაა დანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S