საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას, მოუწოდებს მუნიციპალური არჩევნები ევროკავშირის დემოკრატიული ღირებულებების დაცვით ჩაატაროს
30/09/2021 07:24:54 პოლიტიკა
საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას, მოუწოდებს მუნიციპალური არჩევნები ევროკავშირის დემოკრატიული ღირებულებების დაცვით ჩაატაროს, – ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის, შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, 28 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად უხელმძღვანელა 1921 წლის იანვარში საფრანგეთის მიერ საქართველოს ცნობის ას წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს საგანგებო ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასულ საუკუნეში შესრულებულ განსაკუთრებულ როლს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.
„ეს საერთო ისტორია და ფრანგ და ქართველ ხალხს შორის დამყარებული მჭიდრო კავშირები საფუძვლად უდევს განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას თავისუფლების იდეის გარშემო აერთიანებს. მისი განსახიერება არის ვიცე-პოლკოვნიკ ამილახვარის სამსახური და თავგანწირვა თავისუფალი საფრანგეთისთვის 1942 წელს, ელ ალამეინში, ვიცე-პოლკოვნიკისა, რომელიც ცნობილია ამ სიტყვებით : « ჩვენ, უცხოელები, მხოლოდ ერთი ფორმით თუ დავუმტკიცებთ საფრანგეთს მადლიერებას ჩვენი მიღებისთვის, ეს არის მისთვის სიკვდილი ».
საფრანგეთი, რომელიც საქართველოს გვერდით იდგა მისი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში, გააგრძელებს მის მხარდაჭერას სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განმტკიცებაში. ის ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებების მუდამ უფრო ღრმა დამკვიდრების, სახელდობრ პრესის თავისუფლების, და დემოკრატიული და სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს. ის განსაკუთრებული ყურადღებით იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფების და ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგო იქნებოდა.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მჭიდრო კონტაქტზე დარჩება საქართველოს პრეზიდენტთან, რათა გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების სასარგებლოდ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


