"ვიმედოვნებ, ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალა იმოქმედებს მაღალი მოქალაქეობრივი გრძნობით"
30/09/2021 09:54:00 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალა "მაღალი მოქალაქეობრივი გრძნობით იმოქმედებს".
„ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. არის ძალიან დაძაბული და დაპირისპირებული პოლიტიკური ფონი, ძალიან მაღალია ალბათობა მოქალაქეებს შორის ფიზიკური თუ სხვა ტიპის დაპირისპირების. ამიტომ არავინ, არც ხელისუფლების მხრიდან და არც ოპოზიციის მხრიდან არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, ან არ უნდა წააქეზოს ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. ყველა პარტიის და მოქალაქის უფლებაა შეკრება, თუ ეს იქნება მშვიდობიანი და არა აგრესიული. თუმცა კონტექსტს მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით სახელისუფლო პოლიტიკური ძალა, იმოქმედებს მაღალი მოქალაქეობრივი გრძნობით“,- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.


