"ერთ–ერთ კოლონას მეც შევუერთდები" – სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
01/10/2021 06:57:56 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, "ყველას უნდა გვესმოდეს რომ "ოცნებისთვის" ხმის მიცემა საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა იქნება".
"ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად".
სააკაშვილი ამბობს, რომ თავადაც ერთ–ერთ ასეთ კოლონას შეუერთდება:
"ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია, არც თქვენ".
ამასთან, მან მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული.
"მეგობრებო, მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან, რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, მაგრამ ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა.
მინდა გითხრათ - ხომ ხედავთ, მე გავრისკე ჩემი სიცოცხლე, თავისუფლება და ჩამოვედი აქ, მიუხედავად ყველანაირი მუქარისა, მინდა გთხოვოთ - 2-ში მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ "ნაციონალურ მოძრაობას", არავითარ შემთხვევაში ივანიშვილს.
მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, ვინც ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც იმ პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა, სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპატიურებათ და მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ, მისცეთ ხმა. 2-ში ხმის დათვლებს ერთად ვაკეთებთ და 3-ში ვიკრიბებით რუსთაველზე, თავისუფლების მოედანი უნდა გავავსოთ და როცა ვიქნებით 100 ათასი, ჩვენი დამმარცხებელი ძალა არ იქნება და მეც, რა თქმა უნდა, შემოგიერთდებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


