ოპოზიციონერი ლიდერების რეაქცია სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნებაზე
01/10/2021 08:44:11 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უკვე დაბრუნდა საქართველოში, სხვადასხვა პარტიების ლიდერები ეხმიანებიან. კერძოდ, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია.
"მე არ ვიცი ბატონი სააკაშვილი საქართველოშია თუ არა, მეც როგორც თქვენ, ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება,რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შსს, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, გისმენთ თქვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს, თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია", - ამბობს ხაზარაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ნათია მეზვრიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს გამბედაობა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს:
„რას ნიშნავს ჩამოვიდა, თუ ჩამოვიდა სად არის, ოცნებამ ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?! თუ მართლა ჩამოვიდა, ალბათ, ოცნების რომელიმე წარმომადგენელს ახლა ჰყავს შეფარებული და ალბათ ამიტომ არ გვენახება. არასერიოზულია ეს ყველაფერი, პირდაპირ გეტყვით. მე არ მგონია, რომ მას ჰქონდეს იმის გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ, რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ "ოცნება" გაბედავს მართლმსაჯულებას მისი მისამართით [აღასრულებს], თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, მთლიანად პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება".
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი ისეთი სწრაფია, რომ თვითონაც არ იცის, როდის, სად აღმოჩნდება. უნდა დავამთავროთ დევნა, დაჭერა, გაგდება, დარბევა, რეპრესიები, ეს თუ არ დამთავრდა, ჩვენ სახელმწიფო არასდროს გვექნება.
„დღეს ის კი არ არის მთავარი, ვინმე ჩამოვიდეს ან ვინმე წავიდეს, დღეს მთავარია, რომ მმართველმა ძალამ და ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღოს არც ერთი ხმა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც მწარედ არიან გადაგდებულნი, მოტყუებულნი და ჭერთავზე დაქცეული. წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს დაძაბული აუცილებლად და უნდა იყოს სამართლიანი არჩევნებით დაგვირგვინებული. თუ ამ დაძაბულობაში და არჩევნების პროცესში მოხდება იგივე, რასაც აკეთებდნენ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება და ეს უპირველესად ცუდი იქნება ქვეყნისთვის, შემდეგ თვითონ მმართველი ძალისთვის, რომელსაც წაუვა საქმე ძალიან არასასიამოვნოდ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ერთადერთი, რაშიც ეფექტურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ქვეყნის მომავლისთვის უზარმაზარი საფრთხის შექმნა“:
„დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ სერიოზულ კომენტარს ჩემგან არ ელოდებით იმაზე, რა შეიძლება და როგორ შეიძლება ექნა სააკაშვილს ან ივანიშვილის რეჟიმს. იქამდე რა პოზიციაც მქონდა მე, იგივე მაქვს დღესაც, იმისდა მიუხედავად, რეალურად სად არის სააკაშვილი, რაც მე არ ვიცი, პირდაპირ უნდა გითხრათ, ჩემი და ჩვენი საერთო ამოცანა, მათ შორის სააკაშვილის მომხრეების აქტიური, ან მოწინააღმდეგეების არის, რომ ჩვენ ეს უაღრესად სახიფათო რეჟიმი და კონტექსტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ხვალ ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ. ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ჩემთვის სისტემის კრახი მომხდარია კარგა ხნის წინ. არავითარი სიახლე ჩემთვის არ არის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე შეეხება, თუნდაც რაიმე სახით კანონის უზენაესობის დაცვას, ან თუნდაც ეფექტურ მმართველობას, მაშინაც კი, როცა არალეგიტიმური ამოცანებია დასმული. ერთადერთი, რაშიც ეფექტური არის ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უზარმაზარი საფრთხის შექმნა და გამორეცხვა ძირის ჩვენი საზოგადოების რწმენისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავალში. ეს არის ჩემი პოზიცია ამ ყველაფერზე“.
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქვეყანას სახელმწიფო საზღვრები აღრ აქვს:
"107 ათასი დარეგისტრირებული ადამიანით ველოდით მის ჩამოსვლას. თქვა და ჩამოვიდა. მშვიდობიანად დაბრუნდა. ის, რომ სისხლისღვრა არ უნდა, ზუსტად იმიტომ მოიქცა ასე. სახელმწიფო აღარ გვაქვს, საზღვარი არ არსებობს, არაფერი არ არის, მიტაცებულია. ასე იცის ოლიგარქიულმა მმართველობამ".
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა ”მესამე ძალის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზად არის, შეასრულოს მასტაბილურებლის ფუნქცია ნებისმიერ ვითარებაში, ხოლო საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნამდვილად იმყოფება თუ არა საქართველოში, ეს რამდენიმე საათში გაირკვევა:
"ვინ არის საქართველოში, ვინ როდის ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამას დრო გვიჩვენებს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლს" აქვს რესურსი, რომ შეასრულოს მასტაბილურებლის ფუნქცია ნებისმიერ ვითარებაში.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდეს ხელისუფლების. ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ და არ შეიძლება ვიმარჩიელოთ, რამდენიმე საათში ყველაფერი გაირკვევა".
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" სანაძლეოს ძალაძი ტოვებს.
"ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მზად ვარ ფსონების მისაღებად ჩემი კოლეგების მიერ, ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია. ზოგადად ცალკე პრობლემაა, რომ შენი აშენებული ქალაქიდან "ლაივს" დებს, ხალხი მაინც არ გიჯერებს აქ ხარ თუ არა. ჩემი სანაძლეო ძალაშია და ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია მზად ვარ დავენიძლაო. ამაზე პატიოსნად რა ვთქვა, კაცი "ლაივებს" დებს და კაცი ვერ ვიპოვე ვინც დამენიძლავება იმაში, რასაც მათი ლიდერი ამბობს,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძის შეფასებით კი, ბოლო დღეებში სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების თემა საარჩევნო პროცესს აზრალებს:
"ეს არჩევნები ბოლო დღეებში გადაიქცა მიხეილ სააკაშვილის აღმოჩენის ოპერაციად, კუკუდამალობანად და ეს არანაირად არ წაადგება ჩვენი პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღეს და პიველ რიგში ხალხის ინტერესებს. როგორც ჩანს, გამოვლინდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მართავს ისევ მიხეილ სააკაშვილი, ის არი აქ მთავარი ფიგურა, ეს არ არის კარგი იმ ხალხისთვის, ვინც ამ პარტიის ლიდერობაზე დებს თავს და ეს "დამასტუკე-დაგასტუკე" არის ცუდი ამომრჩევლისთვის".
პოლიტიკური პლატფორმა ”მესამე ძალის” წევრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ვითარებაში, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მხოლოდ საქართველოს ინტერესები ზიანდება:
"აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო და კიდევ ერთი მტკიცებულება არის იმის, რომ აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ამ საწყალი ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებს. კოლონები დაიძვრება თუ არ დაიძვრება, იმ კოლონებში მე ნამდვილად არ ვიქნები, ეს შემიძლია გითხრათ და რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დღეს იქნება დამანგრეველი“.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თუ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნებულა საქართველოში, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვის" და ყოფილი პრეზიდენტისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის დასასრული:
"მიხეილ სააკაშვილმა თავის საწადელს ფაქტიურად მაინც მიაღწია და დღის წესრიგი თვითმმართველობის არჩევნებიდან გადაიტანა მის სასარგებლოდ. არ გამიკვირდება არც საპირისპირო, რომ ეს ყველაფერი იყოს ტყუილი, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბევრი დაპირება გამიგია, რომელიც შემდეგ არ შესრულებულა. ეს ყველაფერი თუ აღმოჩნდა ტყუილი, ეს იქნება ჩემი აზრით ნამდვილად "ნაციონალური მოძრაობისთვის" და მისი, როგორც პოლიტიკოსისთვის დასასრული. იმიტომ, რომ ამაზე ცუდი რამ, ამაზე ბოროტება შენს მხარდამჭერებს არ შეიძლება გაუკეთო“.
ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს. ათენამ ოდისევსი დააბერა, რომ ვერ ეცნოთ – ანუ კობახიძის ენით რომ ვთქვათ, deep fake გააკეთა. თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი რელიგიური რწმენის მსგავსია. ვისაც სჯერა სჯერა, ვისაც არა – არა. ასეთ დროს ფაქტს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან თავად ეს რწმენა ქმნის და გავლენას ახდენს ფაქტების მომდევნო თანმიმდევრობაზე.
უფრო მარტივად. ოცნება ვირთხის დღეშია. თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს, იღლიცინებენ, მათი ამომრჩეველიც იგივეს იზამს. შესაბამისად, არ დაირაზმება. თუ იტყვიან, რომ მართალია, მაშინ უნდა აღიარონ, რომ სრული სირები არიან და მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით, შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში, ვაი და ვუია. ამასობაში, ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში. ასე რომ, ყველა ვარიანტში ოცნებას მიშამ შეუსრულა. გაუკეთა ის, რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს – ტრიუკებს. ტრიუკაჩი ტრიუკებით უნდა დაამარცხო.
ხვალ არჩევნებია, უკვე საბოლოოდ, რეფერენდუმი. ხვალ ოლიგარქია მარცხდება და ქვეყანა ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ახდა ნამდვილი ქართული ოცნება – ბიძინა დამარცხდა არჩევნებამდე. ხვალ ხალხი ამას გააფორმებს, მე კი ფოთელებთან ერთად, ფოთს მივხედავ. ჩემი გეგმები მხოლოდ ფოთს უკავშირდება“, – წერს უგულავა.
ცნობისთვის: ორიოდ საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.
შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს.


