რიჟვაძე – სააკაშვილზე: „გოდერძიზე ქეიფობდნენ, ითხოვეს, "მოგვიანებით ჩაგბარდებითო"
01/10/2021 09:35:45 პოლიტიკა
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ არსებული ეიფორია მალე გადაივლის და "ხალხი საკადრის პასუხს გასცემს სახელმწიფოს აბუჩად აგდებას". ამის შესახებ მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რიჟვაძემ იხუმრა კიდეც და თქვა, რომ სააკაშვილი კურორტზე ქეიფობს და ითხოვა, მოგვიანებით ჩაგბარდებითო.
„ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი, დღეს ითხოვეს, "გვაცადეთ, მოგვიანებით ჩაგბარდებით". ეს ხუმრობით. რაც შეეხება აჟიოტაჟს და ეიფორიას - მერწმუნეთ, გადაივლის და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს სახელმწიფოს, საზოგადოების, მათ შორის მათი ამომრჩევლების, ასე აბუჩად აგდებას", - ამბობს თორნიკე რიჟვაძე.
ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.
შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია.


