ხერხეულიძეს გადაჭარბებულად ეჩვენება თანაპარტიელის ანონსი სააკაშვილის „გამოჩენასთან“ დაკავშირებით
01/10/2021 12:13:41 პოლიტიკა
ენმ–ის წევრ ეკა ხერხეულიძეს გადაჭარბებულად ეჩვენება მურან დუმბაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოჩენასთან დაკავშირებით და არ იცის, რას ეფუძნება დუმბაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია.
ხერხეულიძე კვლავ იმეორებს, რომ პირადად ვიდეოზარით ესაუბრა სააკაშვილს ბათუმში, თუმცა დროს და გარემოებებს არ აზუსტებს.
ენმ–ის წევრმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს „ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე ოფიციალურად გამოაჩენენ“.
ამასთან, დუბაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილან კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, მაგრამ არა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.
დუმბაძე ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფებოდა:
"მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოჩნდეს. ის არის საქართველოში.
ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ სიტყვა, რაც გვწამს, რაც გვჯერა, იმის, რისიც მჯეროდა ცხრა წლის წინ, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია საარჩევნო ყუთთან".
ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.
შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღავრი არ გადმოუკვეთავს და არ დაუტოვებია უკრაინის საზღვრებიც. მოგვაინებით „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეალურად სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.


