კალაძე სააკაშვილს მადლობას უხდის
01/10/2021 14:41:01 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი თბილისში, მოქმედი მერი კახი კალაძე საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ "სააკაშვილმა საკუთარი პარტია "გააფარჩაკა".
„მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის, საკუთარი კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას და ამისთვის, მას ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი, ხვალ დაველოდოთ არჩევნებს და ყველაფერი იქნება ცხადი. ვერავინ გააფუჭებდა თავის პარტიას და კანდიდატს, როგორც სააკაშვილმა. ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს მიშა არის ბათუმში, ამ გადადგმული ნაბიჯით „გააფარჩაკა“ თავისი საკუთარი პარტია და სამწუხაროდ, მისი კანდიდატი,“- განაცხადა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.


