ზურაბიშვილი – სააკაშვილის შეწყალებაზე: "პასუხი არის ერთი – არა და არასოდეს!"
01/10/2021 18:26:57 პოლიტიკა
ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი – მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისა და დღევანდელი დღის მშვიდობიანად დასრულებისთვის.
„მადლობა სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესუნალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა პირიქით გაძლიერდება, დაცულია საზღვარი ტერიტორია და კანონის უზენაესობა. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია, სასიამოვნო არ არის, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი – მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება და არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო, იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და შიშველი ხელებით ერთად ვებრძოდით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესსა და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა. იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. და რაც მთავარია, იმიტომ რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა. ყველა საერთაშორისო რჩევებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში ჰქონდა. აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელ სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება არავითარი მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ხელისუფლებას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება, რათა "ქვეყანა დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზით წაიყვანოს"
"როგორც დღეს, ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. უნდა შეასრულოს ყველა დაპირება მიცემული საკუთარი მოქალაქეების და პარტნიორების წინაშე: იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის განცხადება. დროა, წარსულს ზურგი შევაქციოთ, დროა, ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი მოიპოვოს პარლამენტში და ერთად და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ვაშენოთ ხვალინდელი ძლიერი საქართველო!", – განაცხადა ზურაბიშვილმა.


