ზელენსკი საქართველოდან მიღებული სიახლეებითა და თბილისში გაკეთებული განცხადებების ტონით შეშფოთებულია
01/10/2021 19:03:31 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია დღეს საქართველოდან მიღებული სიახლეებითა და თბილისში გაკთებული განცხადებების ტონით. ამის შესახებ Facebook-ში მისი პრეს-მდივანი სერგეი ნიკიფოროვი წერს.
"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს საქართველოში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების თაობაზე. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია მსგავსი სიახლეებითა და საქართველოში გაკეთებული იმ განცხადებების ტონით, რომლებიც მოვლენათა შესაძლო განვითარებას ეხება. უკრაინა ქართულ მხარეს მიმართავს განმარტებების მოთხოვნით ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის ყველა მიზეზისა და გარემოების თაობაზე", - წერს ნიკიფოროვი.
პრეს-მდივნის თქმით, საქართველოში უკრაინის საელჩოს დაკავების შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.
"თუმცა ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი საჭირო დახმარება აღმოუჩინონ", - დასძინა მან.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ბოლო პერიოდში იგი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობდა.
მისი დაკავების შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან დღეს გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა.


