"სააკაშვილი შეჰპირდა ქართველ ხალხს, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს"
01/10/2021 19:18:43 პოლიტიკა
"სააკაშვილი შეჰპირდა ქართველ ხალხს, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტპატიმარია:
"ის უსამართლოდ გაასამართლეს ამ ქვეყანაში და მთელი ამ წლების განმავლობაში არის პოლიტიკური დევნილი. მას ჰქონდა სრული უფლება, დაბრუნებულიყო საქართველოში და ასეც მოიქცა. ის შეჰპირდა ქართველ ხალხს, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა და ჩამოვიდა. შესაბამისად, ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ეს მოხდება არჩევნების გზით“.
უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.
„საქართველოს პრეზიდენტს თუ აქვს სურვილი, რომ დასავლეთთან მაინც შეინარჩუნოს სახე და იმიჯი, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას აუცილებლად. ვნახოთ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. სალომე ზურაბიშვილი თუ არ გადადგამს ამ ნაბიჯს, საქართველოს მოსახლეობა გადადგამს ამ ნაბიჯს და მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება“.
ამასთან, მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა:
„ჩვენ, ყველანი ხვალ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ეს უსამართლობა, რომელიც სუფევს ქვეყანაში. ყველას მოგიწოდებთ, მივიდეთ არჩევნებზე მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად და მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება. როდესაც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება 43 პროცენტის ქვევით და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, შემდეგ უკვე დაიწყება სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, მათ შორის დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, დაიწყება უკვე პროცესები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარწუნებული ვარ, როგორც ჩვენი საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები აქტიურად ჩაერთვებიან“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა.
როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს ჯერ–ჯერობით უცნობია.


