საარჩევნო უბნებთან პირველი დარღვევები ფიქსირდება
02/10/2021 05:48:51 პოლიტიკა
საქართველოში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში – 20:00 საათამდე გაგრძელდება, მაგრამ უკვე ფიქსირდება დარღვევები:
საარჩევნო უბნებთან დილიდან შეინინება კორდინატორების მობილიზება. ჟურნალისტებმა აღნიშნული, მათ შორის, ზუგდიდის მე-16 საარჩევნო უბანთან დააფიქსირეს.
ინფორმაციისთვის: საარჩევნო უბანზე 100 მეტრის რადიუსში კოორდინატორების ყოფნა აკრძალულია.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია facebook-ზე დაზიანებული ბიულეტინის შესახებ წერს. კერძოდ, ხოშტარიას თქმით, დაფიქსირდა დაზიანებული ბიულეტინის გაცემის რამდენიმე შემთხვევა:
„დაფიქსირდა დაზიანებული ბიულეტენის გაცემა, თან უმტკიცებდნენ ამომრჩეველს არაუშავსო. ჩვენმა წარმომადგენელმა გამოაცვლევინა, მაგრამ მიაქციეთ ყველამ ყურადღება! დაზიანებული ბიულეტენი გაიცემა გაბათილების მიზნით! არ მიიღოთ, ახალი მოითხოვეთ".
საარჩევნო კანონი დაარღვია პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რომელიც საკუთარი პოლიტიკური არჩევანი საარჩევნო ურნასან დააფიქსირა: ის საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს, პირდაპირ თქვა, ვის მისცა ხმა.
"არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ესა არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარება", - თქვა კახა კუჭავამ.
ინფორმაციისთვის: საარჩევნო უბანზე აგიტაცია, პარტიული სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია.
ზუგდიდის მე-16 საარჩევნო უბანი კი 15 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ კომისიის ახალი წევრები ჰყავთ და დროულად ორგანიზება ვერ შეძლეს.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მობილიზებულნი არიან თბილისში, გლდანში, #35 საბავშვო ბაღთან, საარჩევნო უბანთან რამდენიმე მეტრში. დამკვირვებელი შუშანა ლაცაბერიძე დაინტერესდა მათი მობილიზების მიზეზით და განუმარტა, რომ საარჩევნო წესს აღვევდნენ საარჩევნო ბანთან ახლო მანძილზე დგომის გამო. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ პრევენციის მიზნით დგანან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ამასთან, ბათუმში საარჩევნო უბანზე მისულ კომისიის წევრებს „დალუქულ“ ოთახში ქალი დახვდათ. ის ოთახში საარჩევნო უბნის გახსნამდე 40 წუთით ადრე იყო შესული, რაც თავადაც დაადასტურა.
გარდა ამისა, ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ სამ ამომრჩეველს უთხრეს, რომ გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში იყვნენ, რის გამოც უბანზე ხმას ვერ მისცემდნენ. თუმცა, ამომრჩევლები ამბობენ, რომ განცხადება ყუთით სარგებლობისთვის არ ჰქონდათ დაწერილი.
ცნობისთვის: დღეს თვითმმართველობის არჩევნები მმდინარეობს. ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.


