"მე აქ არ მოვსულვარ, რომ ვიღაცა დავამარცხო, მე მოვედი, რომ გავიმარჯვო"
02/10/2021 06:31:42 პოლიტიკა
საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა თბილისის მერობის კანდიდატი ენმ–დან, ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია.
"მე აქ არ მოვსულვარ რომ ვიღაცა დავამარცხო, მე მოვედი რომ გავიმარჯვო",– განაცხადა ნიკა მელიამ.
მან საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდება.
„ძალიან მარტივია თქმა, რას მივეცი ხმა: ვისაც არ სურს ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლებას დასაყრდენად კრიმინალები მიაჩნდეს, ვისაც არ სურს რომ დასაყრდენი და ღერძი იყოს უსამართლობა, ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს.
არაგულწრფელი ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა მთლიანად არის დაკარგული. წარმოვიდგინოთ ის მხოლოდ 3 ადამიანის სახე, სახელი და გვარი, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს ვგულისმხობ - გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი.
თუ გსურთ, რომ ერთი ფერი იყოს მუდმივად საქართველოში და ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება კოალიციური მმართველების ქვეშ და "ოცნება" იყოს მხოლოდ მმართველი, გასაგებია. არჩევანი ადვილი იყო, ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალი იმპულსი, სჭირდება ქვეყანას ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების პირობებში განხორციელდეს, მათ პირობებში ქვეყანაში რაც არ უნდა ნიჭიერი ვიყოთ, გასაქანი ადამიანს არ აქვს. ამიტომ ყველანი საარჩევნო უბნებზე! ძვირფასო მეგობრებო, ყველანი იქ სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ისტორიი. ნუ ჩათვლით რომ პოლიტიკოსები იმარჯვებენ, ნუ ჩათვლით რომ პოლიტიკური პარტიები იქნებიან გამარჯვებულები. მე აქ არ მოვსულვარ რომ ვიღაცა დავამარცხო, მე მოვედი რომ გავიმარჯვო", - განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.


