"საზოგადოებრივი დრამისკენ მიდრეკილება" და "წამყვანი ოპოზიციური ფიგურა" – რას წერს საერთაშორისო მედია სააკაშვილზე
02/10/2021 07:31:22 პოლიტიკა
საერთაშორისო მედია საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში კვლავ წამყვანი ოპოზიციური ფიგურაა.
BBC აღნიშნავს, რომ სააკაშვილს საქართველოში ძალაუფლების გადამეტებისა და კორუფციის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღდეგ გამოტანილ განაჩენებსა და მიმდინარე საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„8 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ საზოგადოების ფართო განხილვის საგანია, როგორც წამყვანი ოპოზიციური ფიგურა“, - წერს BBC.
The Associated Press და The Washington Post აღნიშნავენ, რომ სააკაშვილს "საზოგადოებრივი დრამისკენ მიდრეკილება აქვს, რაც განსაკუთრებით გამოიხატება იმ ადგილებში თამამად შესვლებით, სადაც მას არასასურველად მიიჩნევენ".
"მან პირველად საერთაშორისო ყურადღება 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" საპროტესტო აქციების დროს მიიქცია, როდესაც შეიჭრა პარლამენტის სხდომაზე და იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აიძულა დარბაზი დაეტვებინა. ერთი დღის შემდეგ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა.
გარდა ამისა, მას შემდეგ რაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმეს, იგი 2017 წელს იგი მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში მაინც შევიდა", – წერს The Washington Post.
ამასთან, The Associated Press და The Washington Post იუწყება, რომ "სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაიწყო, თუმცა ასეთი ბრალდების საფუძველი გაურკვეველია, რადგან უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად ვიზები არ სჭირდებათ".
The Washington Post "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებზეც ამახვილებს ყურადღებაა და წერს რომ "თავდაპირველად მთავრობა უარყოფდა, რომ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა".
The Washington Post–ის მსგავსად POLITICO-ც აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ხელისუფლება უარყოფდა ექს–პრეზიდენტის სამშობლოში ყოფნას:
"პარასკევს "ქართული ოცნება“ არწმუნებდა მოსახლეობას, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არ იყო. თუმცა იმავე დღეს, საღამოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სააკაშვილი დააკავეს.


