კალაძე: "გუშინდელი მოვლენების შემდეგ ენმ ჩამოშლილია"
02/10/2021 09:33:00 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის განცხადებით, “გუშინდელი მოვლენების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან", თუმცა ამან "ქართულ ოცნებას" მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს.
“დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია, საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში. 150 ათასზე მეტმა თბილისელმა უკვე გააკეთა არჩევანი. საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არჩევნები დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას”, — განაცხადა კახა კალაძემ დღეს.
ჟურნალისტების კითხვაზე, სახელმწიფო საზღვარი და ინსტიტუტები არის თუ არა ჩამოშლილი, კალაძე პასუხობს:
“ვინ არის ჩამოშლილი, მე მგონია, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია. მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე, რუსთავში, სადაც მოუწევს პასუხისგება ჩადენილ დანაშაულებზე. დაელოდეთ ამ პროცესებს, საკმაოდ საინტერესო მოვლენებია. ეს იყო სპეცოპერაცია. შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან, თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული”, – განაცხადა კახა კალაძემ და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ის თითოეულ თანამშრომელს.
კალაძე არ პასუხობს კითხვას, თავად როდის გაიგო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ.
“გენერალურმა მდივანმა შეიძლება ბევრი რამე იცოდეს, მაგრამ არის კონკრეტული სპეცოპერაციები, რომელთან დაკავშირებითაც არანაირი უფლება არ მაქვს ინფორმაციის გაჟღერების და შეიძლება რაღაცები არც ვიცოდე. დამშვიდდით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსთავის საპყრობილეში”, — განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება და ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეოები ყალბია და რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს შსს–მაც. დღის მეორე ნახევარში გაირკვა, რომ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში და რომ ის თბილისში დააკავეს.


