"დაუშვებელია, საქართველო-უკრაინის პარტნიორობა ერთმა ადამიანმა აიყვანოს მძევლად"
02/10/2021 10:47:20 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა უკრაინულ მხარეს, ვინაიდან ექს-პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა.
"დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ამასთან, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც ძალიან სერიოზული დინამიზმით იქნება გამორჩეული", - განაცხადა ზალკალიანმა ხმის მიცემის შემდეგ
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება და ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეოები ყალბია და რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს შსს–მაც. დღის მეორე ნახევარში გაირკვა, რომ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში და რომ ის თბილისში დააკავეს. ოფიციალურმა კიევმა მას მხარდაჭერა აღუთქვა.


