„ქუთაისის #95 უბანთან ფულს არიგებენ, პროცესში ჩართულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე“
02/10/2021 10:52:17 პოლიტიკა
ქუთაისის ოლქის 95-ე უბანთან ღიად ხდება ფულის დარიგება და ამომრჩევლის მოსყიდვა. მოსყიდვის პროცესში უშუალოდ ჩართულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე,– ამის შესახებ ენმ–ს ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
„მინისტრის მოადგილეს, ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა არა მხოლოდ 124-ე უბანი, არამედ ჩააბარა არჩევნების მეთვალყურეობა. მე მინდა ვუთხრა მას, მინისტრის მოადგილეს, იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოგიწოდებთ და მათ შორის, მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, მიაქციონ ყურადღება ამ ადამიანს. შეეშვით მეთვალყურეობას, მოშორდით უბანს. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივედით, ის წავიდა უბნიდან, მაგრამ მაინც ვაფრთხილებ მას პირდაპირი ეთერით, რომ შეეშვას უბნებს, რადგან ეს არის დანაშაული და სირცხვილია, რომ მინისტრის მოადგილე ზის და ფულს არიგებს“,– განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, თანხის დარიგების ფაქტი მათ ასევე დააფიქსირეს ქუთაისის 95-ე საარჩევნო უბანზე. მისი თქმით, თანხას არიგებს „ქართულ ოცნებასა“ და ქუთაისის მერიასთან დაახლოებული პირი.

ცნობისთვის: საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს. კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


