„ჯარიმის გადახდაც მომიწევს“ – კუჭავა განმარტავს, რატომ დაარღვია საარჩევნო კანონი
02/10/2021 11:24:46 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ლოგოიანი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო:
“ეს იყო მექანიკური შეცდომა, უცებ მანქანიდან რომ გადმოხვალ და პირბადეს გაიკეთებ. რა თქმა უნდა, ეს დარღვევა არის. ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. დილით, პირველი ამომრჩეველი ვიყავი და პირბადე მანქანაში რაც იყო, გავიკეთე. სამწუხაროა რომ ასეთი რაღაც დამემართა. ფაქტია, რომ დარღვევა არის, ამას არ ჭირდება ორი აზრი და მეც მომიწევს პასუხის გაცემა”, – აცხადებს კუჭავა.
ცნობისთვის: კუჭავა საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა. აღნიშნულის გამო ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი დაწერა.
აგიტაციის წესის დარღვევას ადასტურებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. კერძოდ, დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.
„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი". - თქვა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.


