კენჭისყრის დასრულებამდე შემაჯამებელი ოქმი შეადგინეს
02/10/2021 11:50:11 პოლიტიკა
ქუთაისის საარჩევნო 124-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დაპირისპირება შემაჯამებელი ოქმების კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე ხუთი საათით ადრე შედგენას მოჰყვა.
საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის შევსება გამოუცდელობით ახსნეს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 20:00 საათისთვის იხურება. სწორედ ამის შემდეგ ითვლება ხმები და საარჩევნო ხმების დათვლის შემდეგ დგება შემაჯამებელი ოქმები.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ქუთაისის 124-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ წინასწარ შევსებული შემაჯამებელი ოქმი განადგურდება და საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიის წევრებს ახალ შემაჯამებელ ოქმს გადასცემს:
“ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის, სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში.
ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე”, – აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.


