"ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ, მოდით არჩევნებზე!"
02/10/2021 13:28:33 პოლიტიკა
დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიამ მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ, წავიდეთ წინ და დავიწყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებები. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შრომობს როგორც საჯარო მოხელე, როგორც საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრი, მინდა მოვუწოდო, დაიცავით მოქალაქეების ნება, კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი უფლება-მოვალეობები, ეს განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ყველა ის დარღვევა, უამრავი დარღვევა, რომელსაც ჰქონდა ადგილი დღის განმავლობაში, იქნება აღრიცხული როგორც ჩვენს მიერ, ასევე დამკვირვებლების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამიტომ მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის წევრებს, მიუხედავად მათი პარტიული მიკერძოებულობისა, განვახორციელოთ კეთილსინდისიერად უფლება-მოვალეობები. ბოლოს, მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო, მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. დავუმტკიცოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ერთმანეთს, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, მოდით არჩევნებზე“, - განაცხადა გახარიამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა. ეს 1 160 413 ადამიანია.


