"დღეს ყველაზე მეტად დავინახე ის მიშა, რომელიც ქართველ ხალხს უყვარს"
02/10/2021 13:42:35 პოლიტიკა
"10 წელია, ვიცნობ პრეზიდენტ სააკაშვილს და მინდა გითხრათ, რომ დღეს მე ყველაზე მეტად დავინახე ის მიშა, რომელიც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად უყვარს და ეს არის მიშა, რომელიც უზომოდ შეყვარებულია საკუთრ ქვეყანაზე" - განაცხადა ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც იგი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ბოკუჩავას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტთან სამომავლო გეგმებზე და გარდაუვალ გამარჯვებაზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს რომ პოლიტიკური პატიმარია, რაც ბოკუჩავას შეფასებით სიმართლეა, რადგან მის ბრალდებებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რაც გვაქვს. შიმშილობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მე ძალიან ვეცადე, ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი და ეს ბრალი და მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი მის მიმართ, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, რომ გააგრძელოს შიმშილობა. იგი გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას იმაში, რომ ერთად დავასრულოთ ეს სიძულვილი, უპერსპექტივობა, სიბნელე, რომელსაც ივანიშვილი თავს ახვევს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მარტივად მითხრა, რომ მისი შემოსვლა ქვეყნაში მოხდა ყველა პროცედურის და კანონის დაცვით. დამატებითი დეტალები ას არ უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ექნება მედიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და თუ საჭიროდ ჩათვლის, თავად მოგახსენებთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


