"ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე 150-მდე საჩივარი დაიწერა"
02/10/2021 13:52:31 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი.
„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მოსყიდვის ფაქტებზე, რასაც აქვს სისტემური ხასიათი. სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე (დევნილთა დასახლება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არიგებს ალკოჰოლურ სასმელს.
განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ, ხაზს ვუსვამ - სისტემურ ხასიათს ატარებს - კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც გადასატანი ყუთი უბნებზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.
ამასთან, დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ, უბანზე განმეორებით ხმის მიცემის ფაქტები.
გარდა ამისა, ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმები წინასწარ არის შევსებული, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
იყო შემთხვევები, როდესაც უბნებზე დაფიქსირდა დისბალანსი - გაცემულ ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას შორის“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.


