Accentnews.ge
"ქართული ოცნება" გამარჯვებას "იმედის" ეგზიტპოლზე დაყრდნობით ზეიმობს

"ქართული ოცნება" გამარჯვებას "იმედის" ეგზიტპოლზე დაყრდნობით ზეიმობს

02/10/2021 16:13:28 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით გამარჯვებას ზეიმობს.

"გილოცავთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ ქართული ოცნების თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ ყველა მერს ამ დიდებულ გამარჯვებას. მინდა მივმართო ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში, დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის, განვითარების ხანა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მხარდამჭერებს მიმართა პარტიის თამჯდომარემაც:

"10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ქართული ოცნება, მაშინ პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა იმის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მე-8 გამარჯვება და დიდი გამარჯვევები კიდევ წინ არის, გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას და ჩვენს შემდეგ გამარჯვებას, გაუმარჯოს",– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძის განცხადებით, დღეს ქვეყანას მშვიდობა სჭირდება:

"მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს და ამ ქალაქის განვითარებას. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ქალაქს, არის მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს საშუალებას, რომ შემდგომი 3 წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითრება, სწრაფი განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ". - თქვა კახა კალაძემ და მათ, ვისაც "ქართული ოცნების" ეგზიტპოლის არ სჯერა, მოუწოდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს დაელოდოს:

“თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგების, შეგიძლიათ დაელოდოთ ცესკოს მონაცემებს”.

მისი შეფასებით, დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, ხოლო ინციდენტები, რომლებსაც უბნებზე ჰქონდა ადგილი, კალაძემ ჟურნალისტებს დაუკავშირა:

"არჩევნებს რაც შეეხება - ჩატარდა მშვიდობიან გარემოში. არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთლიანად არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა საშუალება, ამომრჩევლისთვის გაეცნო თავისი ხედვები, თუ ჰქონდა ასეთი. დღევანდელმა დღემაც მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმ მიზანმიმართულ პროვოკაციულ მცდელობებს კონკრეტული ჟურნალისტების და ტელევიზიების მხრიდან".

კალაძემ განაცხადა, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება:

"ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ.

დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს სამი წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისს და თბილისელებს დღევანდელი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ეს გამარჯვება მაძლევს ახალ სტიმულს, რომ გაორმაგებული ენერგიით ვიზრუნო და ვიშრომო თბილისის განვითარებისთვის, თბილისელების წინაშე არსებული საკითხების გადაჭრისთვის, მეტი სიცოცხლის შესატანად თბილისის თითოეულ უბანში".

ცნობისთვის: "იმედის" ეგზიტპოლის თანახმად, კახა კალაძემ 51.3% აიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა, "ედისონ რისერჩისა" და "იფსოსის" კვლევის თანახმად კი, თბილისში მეორე ტური იქნება.

იხილეთ ასევე: "იმედის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები ერთად

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S