ბილდტი – სააკაშვილზე: "ნებისმიერი ბრალდება უნდა შემოწმდეს"
02/10/2021 22:30:13 პოლიტიკა
შვეციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი აცხადებს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ევროპისთვის მიუღებელია და საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ობიექტურ შემოწმებას საჭიროებს.
„სააკაშვილმა იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა [საქართველოში] დაბრუნება. პოლიტიკური მართლმსაჯულება მიუღებელია დღევანდელ ევროპაში და მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდება უნდა შემოწმდეს ნამდვილად სამართლიან სასამართლო პროცესზე“ - წერს ბილდტი "ტვიტერზე".
საქართველოს მესამე პრეზიდენმა 1 ოქტომბერს გაავრცელა ბათუმში გადაღებული რამდენიმე ვიდეო და ქვეყანაში დაბრუების შესახებ იუწყებოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს არც უკრაინა დაუტოვებია და არც საქართველოს საზღვარი გადმოულახავს. 1 ქტომბერს, დღის მეორე ნახევარში სააკაშვილი დააკავეს.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განაჩენი ორ საქმეზე არსებობს:
- 2018 წელს მას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - „სანდრო გირგვლიანის საქმის“ ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალებისთვის.
- 2018 წელს მას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პარლამენტის ყოფილ წევრზე, „ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმის“ ფარგლებში. იმავე წელს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
- 2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა (მათ შორის - ე.წ. „პიჯაკების საქმე“) და 2007 წლის 7 ნოემბერს „მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა“ და „ხელში ჩაგდების“ მიზნით „ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეებთან“ დაკავშირებით.
- 1 ოქტომბერს შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სააკაშვილთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით.


