
«ქართულ საზოგადოებას აქვს რესურსი, წინ აღუდგეს ინსტიტუტების ნგრევას და აიძულოს ხელისუფლება, მისი პირობები მოისმინოს და შეასრულოს»
06/08/2019 14:17:23 თვალსაზრისი, ინტერვიუ
„აქცენტის“ ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორ [ლონდონის ქინგს კოლეჯი] ელენე მელიქიშვილთან.
- ელენე, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული მხარეები ცდილობენ, აპოკალიპტურად წარმოაჩინონ საქართველოში არსებული ვითარება. ნეიტრალური დამკვირვებლის გადასახედიდან როგორ მოსჩანს მოვლენები, რა ხდება ქვეყანაში და რა მიმართულებით მიდის პროცესები?
- პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც არ გააჩნიათ ხედვები და ვერ ახერხებენ საზოგადოების კონსოლიდაციას, გამუდმებით ესაჭიროებათ «მტერი», ანუ «ის», ვინც «ჩვენ» უნდა დავამარცხოთ (ასე იყო ძველ საბერძნეთშიც, რომშიც, შუა საუკუნეებშიც და, სამწუხაროდ, ახლაც ასეა). მიზეზი ალბათ, ის არის, რომ საზოგადოება ვერ გაიზარდა, გლობალურად, ვერ გამოიბრძმედა, რომ მმართველ ძალებს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვოს. ტრაგედია იმაშია, რომ «ის» ცნობიერების მიერ შექმნილი ხატია და სინამდვილეში ისევ «ჩვენ» არის. ეს არის პოლიტიკური ძალის უსუსურობის საუკეთესო დემონსტრაცია. როდესაც საზოგადოება პოლარიზებულია და საკუთარ თავთან ბრძოლაში იხარჯება, რა საკვირველია, ის წინ ვერ მიდის. ასეთი ვითარება იწვევს სტაგნაციას და აფერხებს განვითარებას. ქვეყანა დგას და ეძებს გამოსავალს, მაგრამ გამოსავალი ასე ადვილი მოსაძებნი არ არის, ვინაიდან მოსმენის და სხვისი აზრის გაზიარების ნება ამ გუნდში არ არსებობს. რამდენიმე კლიშე აქვთ დაზეპირებული და იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ყოფილი ხელისუფლებაც თავად არიან და «გადაბრალება» სირცხვილია. გადაბრალების პოლიტიკა მათ ყველა სისუსტეს და უმწეობას წარმოაჩენს. ასევე სათუოა «გუნდის» ცნება - ეს არ არის გუნდი, ეს არის ერთი ადამიანის გარშემო შეკრებილი ხალხი, ვისაც საკუთარი აზრის გამოხატვის პრობლემა აქვს და სხვის მოწოდებებს მიჰყვება.
თუ ასე გაგრძელდა, რა საკვირველია, ვითარება გაუარესდება, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. ეს პროცესი უკვე ისედაც ხდება. ის, რომ მმართველი გუნდი სურეალისტურ გარემოში ცხოვრობს და არ უნდა, შეამჩნიოს გამოწვევები, არ ნიშნავს, რომ გამოწვევები არ არსებობს. საქართველოს რეალური საკითხები აქვს გადასაჭრელი და ხელისუფლებას არც ერთ ამ თემაზე პასუხი არ გააჩნია, ვინაიდან არ იცის, რა უნდა გააკეთოს.
ერთი სიტყვით, «ქართულმა ოცნებამ» საქართველოს «პაუზა» ააღებინა და ცდილობს, წარსულში მოძებნოს გამოსავალი. ეს წარმოუდგენელია, თავად კომუნისტებიც კი «ნათელ მომავალზე» აპელირებდნენ, როდესაც ატყუებდნენ ხალხს.
- თქვენი შეფასებით, რამდენად ადექვატურია „ქართული ოცნება“, როდესაც ცდილობს, თითქმის ყველა ნეგატიური მოვლენის უკან საზოგადოებას ოპოზიციის, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ როლი დაანახოს და საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილი ამით გადაფაროს? როგორ წარმოაჩენს ეს მმართველ გუნდს და რას აძლევს მას?
- რა საკვირველია, ის აბსოლუტურად არაადექვატურია. ეს რეალობას მოწყვეტილი, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ყოფილი პოლიტიკური პარტია, რომელსაც რეალურად ერთი პიროვნება აკონტროლებს.
«ოცნებას» და მის თავმჯდომარეს არ ესმით, რომ მართვა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ხელოვნებაა და «მე ვუთხარი» ან «მე დავავალეთი» ფონს ვერ გავა. მართვა არის დიალოგი, კომპრომისი და სხვების მოსმენა, რაც (გარედან ეს საკმაოდ კარგად ჩანს) არ ხდება. საზოგადოებასთან დიალოგი არ არის, მთავრობა «ბოტების» მეშვეობით ელაპარაკება ხალხს, პოპულისტებს იყენებს და იტყუება. ეს არ არის მართვა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებს ამოფარებული ძალა, რომელიც გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფას. გარკვეულწილად, ეს არის პოსტმოდერნისტული ავტოკრატია, სისტემა, როდესაც ხელისუფლება გარეგნულ იერს უნარჩუნებს ინსტიტუტებს, მაგრამ სინამდვილეში ამყარებს მათზე კონტროლს. ზოგიერთი მეცნიერი ამას არალიბერალურ დემოკრატიასაც უწოდებს.
ნახეთ, როგორ ეპყრობიან ინსტიტუტებს, სასამართლოს ან ეროვნულ ბანკს: იმის მაგივრად, რომ გააძლიერონ ინსტიტუციური საფუძვლები, ისინი მათ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქცევენ და ანადგურებენ საზოგადოებაში მათ ავტორიტეტს. ეს მავნებლობაა, მეტიც – დანაშაული!
- აქამდე «ოცნების» პირობებში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე „სისხლიანი 9 წლის“ ფორმულამ წარმატებით იმუშავა, მიუხედავად ანალიტიკოსების მოსაზრებისა, რომ ამ ფორმულამ საკუთარი რესურსი ამოწურა. როგორია თქვენი აზრი, ხედავთ საზოგადოების მზაობას, წინ გაიხედოს?
- ვფიქრობ, [«ქართული ოცნების»] ამ ნარატივმა იმიტომ გაამართლა, რომ ალტერნატიული ნარატივი არ იყო, თუნდაც «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან. დისკურსი წარმატებულია მანამ, სანამ კონტრ-დისკურსი არ გადაფარავს მას და შეცვლის საზოგადოებრივ აზრს. ეს არ მოხდა, «ნაციონალურმა მოძრაობამაც» ვერ შეძლო ამის გაცნობიერება და ალტერნატიული დისკურსის შეთავაზება. «რესპუბლიკურ პარტიას» ჰქონდა ამის ინტელექტუალური რესურსი, მაგრამ მათაც ვერ მოახერხეს ამის გაკეთება.
თუმცა ჩემი აზრით, 20 ივნისი იყო წყალგამყოფი: 20 ივნისის შემდეგ სხვის „სისხლიან რეჟიმზე“ საუბარი საზოგადოების დაცინვის ტოლფასია.
საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაიხედოს წინ, მან უნდა უკარნახოს საკუთარი პირობები ხელისუფლებას. ეს არის მთავარი - ყველა მთავრობას, ყველა ქვეყანაში უნდა ესმოდეს, რომ პირობებს აყენებს გადასახადის გადამხდელი და რომ ისინი დროებით დაქირავებული მოხელეები არიან. ეს გლობალური პრობლემაა: აშშ-შიც, დიდ ბრიტანეთშიც და ასე შემდეგ – ყველგან მთავრობებს სურთ მეტი კონტროლი და ჩვენ - საზოგადოებებმა უნდა შევბოჭოთ მათი ამბიციები.
- რიგი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები პოლიტიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ისევ რჩებიან მთავარ ცენტრებად და როგორც ჩანს, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის 2020 წლის არჩევნებიც მათი გარკვეული სახის ჩართულობით წარიმართება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, როგორ ხედავთ პოლიტიკური პროცესის განვითარებას და რაც მთავარია, რას აძლევს ეს ძალაუფლების მთავარ წყაროს – საზოგადოებას?
- რატომ არიან ისინი ძალის ცენტრები? - ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა. იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი აფინანსებს პოლიტიკურ ძალებს ქვეყანაში. ამ ორ პოლუსს შორის ითელება პოლიტიკური პლურალიზმი, ან მესამე «ფულის წყაროს» წარმოადგენენ პირდაპირ ჩრდილოელი მეზობლის მიერ დაფინანსებული ჯგუფები. ფინანსები და პოლიტიკა არის უდიდესი გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაერია რუსეთი სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში სწორედ ფინანასური რესურსების გამოყენებით.
ჩემი აზრით, საზოგადოებამ უნდა იფიქროს ამ საფრთხის განეიტრალებაზე. პოლიტიკიდან უნდა გავიტანოთ ფული. სხვა სიტყვებით რომ ავხსნა, პოლიტიკა არ უნდა იყოს ქვეყნის მთავარი ბიზნესი. შესაძლებელია, საზოგადოებამ შექმნას ზემოქმედების ბერკეტები და პოლიტიკა გაათავისუფლოს ფინანსებისაგან. მაგალითად, ე.წ. „ქროუდფანდინგის» მეშვეობით დაფინანსდეს პოლიტიკური პარტიები და აეკრძალოთ ყველანაირი შემოწირულობის მიღება. ვისაც უნდა გამდიდრება, სხვა სფერო უნდა მონახოს.
მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა თაობა ეძებს სიახლეს და ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დადგნენ და ნომრებით აჩვენეს ივანიშვილს მათი რაოდენობა, ბევრად მეტს მოითხოვენ პოლიტიკური ძალებისგან, ვიდრე «ოცნებას» ან «ნაციონალურ მოძრაობას» ჰქონდათ წარმოდგენილი. Z თაობა ფიქრობს გლობალურ დათბობაზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე და ბევრად მეტ ეკონომიკურ თანასწორობას მოითხოვს. ამაზე პასუხებს მე ვერ ვკითხულობ ამ პოლიტიკურ ძალებში. მთავარია, საზოგადოებამ იმოძრაოს წინ და, როგორც უკვე ვთქვი, პარტიებს უკარნახოს საკუთარი პირობები.
- არის მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანა კოალიციურ მთავრობას მიიღებს. ბუნებრივია, დემოკრატიის კუთხით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს, მაგრამ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, რაც ერთის მხრივ, ბევრ წვრილ პოლიტიკურ პარტიას მისცემს შესაძლებლობას, მეორეს მხრივ კი არსებობს საფრთხე, არაფორმალურად კვლავ ორი ძირითადი მოთამაშე დარჩეს პოლიტიკურ ველზე. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ უკანასკნელი ვერსია? მსგავსი კოალიციური მთავრობა რას მისცემს ქვეყანას, გარდა ფორმალური დემოკრატიისა და რაში ხედავთ ამ ვერსიის თავიდან არიდების შესაძლებლობას?
- პოლიტიკური პლურალიზმი კარგია და მისასალმებელი. ბარიერის დაწევა მეტ წარმომადგენლობითობას შესძენს პარლამენტს, თუმცა მე ისევ დაფინანსების თემა მაწუხებს და ვშიშობ, კოალიციურ მთავრობაში ბევრ გადაწყვეტილებას შიდა გარიგებებით მიიღებენ ფინანსურად ძლიერი სუბიექტის სასარგებლოდ. ფინანსური მხარე იქნება პრობლემატური და მრავალპარტიული პარლამენტი არ ნიშნავს, რომ საზოგადოება მათ უნდა ენდოს და შედეგებს დაელოდოს. საჭირო იქნება მეტი კონროლი, მეტი მონაწილეობა და მეტი აქტიურობა. ჩემი დაკვირვებიდან და კვლევებიდან გამომდინარე, შემიძლია, განვაცხადო, რომ ქვეყნის წარმატება ყველაზე მეტად საზოგადოების მონაწილეობაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით - ჩვენს დროში, როდესაც კომუნიკაციის ამდენი საშუალებაა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომელიც ადრე დიდ რესურსებსა და ძალას მოითხოვდა.
კოალიციური მთავრობის შედეგებზე დანამდვილებით მხოლოდ 2021-22 წლებში შევძლებთ მსჯელობას, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის პირობებში საზოგადოებისთვის უკეთესი ასპარეზია. პატარა, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, რომელიც შემდეგი ეტაპის მოთხოვნებს უფრო ნათლად წარმოაჩენს.
- ამ კონტექსტში მინდა, გკითხოთ მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც. გაჩნდა პოლიტიკურ პროცესში მისი ჩართვის მოლოდინი. მოვისმინეთ აშშ–ის საელჩოს და საფრანგეთის ელჩის არცთუ დამაიმედებელი განცხადებებიც, რომლებიც, მაღალი ალბათობით, მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არ გაკეთებულა. როგორ წარმოაჩენს ქვეყანას ეს „ქეისი“ და რა რისკს წევს სახელმწიფო?
- ჩემი, როგორც პოლიტიკური მეცნიერის გადმოსახედიდან, რა საკვირველია, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორების მაგალითია. იგი «იუკოსის» წინააღმდეგ 2003 წლის საქმეს ჰგავს, როდესაც მიხეილ ხოდორკოვსკის ბრალი დასდეს იმაში, რომ ფაქტობრივად, საკუთარ თავს მოჰპარა ნავთობი. ანუ, კლასიკური ქეისია, პოსტსაბჭოთა სივრცეში სწორედ ასე «იკერება» ბრალდებები. ყველას გვეგონა, რომ საქართველო ამ «ასაკიდან» გამოვიდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეროვნული ბანკის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცევამ ასეთი შედეგი მოუტანა ქვეყნის ავტორიტეტს და საინვესტიციო გარემოს. «ოცნებაში» ფიზიკის კანონი არ ესმით: ფინანსურ ეკოსისტემაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ცალკე აღებული «მოვლენები» არ არსებობს. ქვეყნის წამყვან ბანკს პრობლემები შეუქმნეს და მერე ურცხვად ირწმუნებიან, ლარის კურსთან ამას კავშირი არ აქვსო.
მე მიკვირს იმ ხალხის, ვინც ცდილობს, ვერ ან არ დაინახოს ანაკლიის პორტის მნიშვნელობა და პოტენციალი. ისინი ან არაპროფესიონალები არიან, ან განგებ სურთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იყო ლაპარაკი, ტვირთბრუნვის გარანტია არ არსებობსო. ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს გეოგრაფიის ცოდნაში სჭირდებათ მცირე ტრეინინგი, ვინაიდან მსოფლიოს რუკას რომ დახედო და რამდენიმე სტატია წაიკითხო გლობალურ ეკონომიკასა და ტვირთბრუნვაზე, კარგად დაინახავ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პორტი. აშშ-ის საელჩომ, რა საკვირველია, პირდაპირ მიუთითა ამ საკითხზე თავის განცხადებაში, ვინაიდან მათაც დაინახეს პოლიტიკური გავლენა ამ «სამართალში».
ადრეც დამიწერია და ვიმეორებ, TBC ბანკი არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წარმატების მოდელი, მაგალითი იმისა, რომ თურმე, შეიძლება გამჭირვალე და წარმატებული ბანკის შექმნა და ზრდა. «ოცნების» თავმჯდომარისგან განსხვავებით, TBC-ს გუნდს რეალური შედეგები აქვს ნაჩვენები, ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, წარმატებული ბიზნეს-მოდელის მართვა, სიახლეების დანერგვა... - ეს არის მათი პორტფოლიო. ასეთ ვითარებაში ძნელია, ვინმეს დააჯერო, რომ 11 წლის წინანდელმა ტრანზაქციამ დააქცია ქვეყნის ეკონომიკა, თან მაშინ, როდესაც «ოცნებას» რეალურად ბევრი არ გაუკეთებია ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად.
საერთოდ, იდეალურ ვითარებაში, ხაზარაძის მსგავს ადამიანებს არ უნდა სჭირდებოდეთ პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ ჩვენ არაორდინალურ დროში ვცხოვრობთ, როდესაც წარსულით შეპყრობილი ადამიანები ყველა ხერხით ცდილობენ საზოგადოებების უკან დაბრუნებას. პლატონი ამბობდა, «თუ ღირსეული ადამიანები არ დაინტერესდებიან საზოგადოებრივი საქმეებით, მათ ადგილს უღირსი და ბოროტი ადამიანები იკავებენო», რაც გარკვეულწილად სიმართლეა. ამის მაგალითია, ვთქვათ, ნაიჯელ ფარაჟი ბრიტანეთში, ან ნახეთ, მაგალითად, რა ხდება აშშ-ში, იტალიაში და ასე შემდეგ. ამიტომ ხაზარაძის გადაწყვეტილება გასაგებია და შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს 2020 წლის არჩევნებში. მას შეუძლია, შეცვალოს ძალთა ბალანსი, რაც პრინციპში, უკვე სახეზეა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეეშინდა «ოცნებას» მისი განცხადების.
- და ბოლოს, 20 ივნისის მოვლენების მრავალგვარი შეფასება მოვისმინეთ, რომელსაც სხვადასხვა განზომილება აქვს - როგორც საზოგადოებრივი პროტესტის, ისე ამ პროტესტზე ხელისუფლების რეაგირების კუთხით. და მაინც, აბსოლუტურად რაციონალური დამკვირვებლისთვის რა აჩვენა ამ მოვლენებმა?
- უპირველესად, 20 ივნისს ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს. საერთოდ, გავრილოვის ქვეყანაში დაპატიჟება რა იყო?! რატომ ჩატარდა ის ფორუმი საერთოდ?! - ამაზე პასუხები უნდა გაიცეს. საზოგადოების რეაქცია იყო მყისიერი და ხელისუფლებამ დაინახა, რომ სიმბოლოებით ვაჭრობა არ გამოუვა. მეორე – ვნახეთ, რომ «მეფე შიშველია» და რომ მმართველი ძალა მზად არის, ძალადობის ენაზე ესაუბროს ამომრჩეველს. ანუ, როდესაც ხელისუფლება იდეურად კოტრდება, იწყებს ძალის გამოყენებას (არჩევნების გაყალბება, მაგალითად) და როცა ეს მეთოდიც ჩიხში შედის (ვინაიდან იდეურად გაკოტრებული ჯგუფის ყველა «გამოსავალი» მაინც ჩიხია ხოლმე), მერე მიმართავენ ძალადობას. ასე იყო 1989 წლის აპრილში: როცა საბჭოთა კომუნისტური პარტია იდეურად გაკოტრდა, ტანკები გამოუშვეს ხალხის წინააღმდეგ. და მესამე - ყველაზე შემაშფოთებელი: რუსეთის გავლენა საქართველოში. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შეუძლიათ რამდენიმე საათში ქვეყნის დესტაბილიზაცია, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საქართველოს პარლამენტის წევრების მეშვეობით მოახდინეს.
და ბოლოს, მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ კი მეტი კითხვები უნდა დასვას რუსეთთან ურთიერთობებზე. ამომრჩეველს შეუძლია ავტორიტარული გადახვევების აღკვეთა, თუმცა მედიაშეზღუდვების პირობებში ეს რთული ამოცანაა. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს აქვს რესურსი, წინ აღუდგეს ინსტიტუტების ნგრევას და აიძულოს ხელისუფლება, საზოგადოების პირობები მოისმინოს და შეასრულოს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021