კობახიძე – ჟურნალისტს: "თქვენი დაკარგული და წაშლილი სახე მოვიგეთ"
03/10/2021 07:54:02 პოლიტიკა
"თქვენი დაკარგული და წაშლილი სახე მოვიგეთ", - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, ნაადრევი იყო თუ არა მმართველი პარტიის გუშინდელი ზეიმი.
კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება". მაშინ, როცა ჟურნალისტმა კითხვის დასმა სცადა, კობახიძემ მას ასე მიმართა:
"სირცხვილია, წაგებას უნდა შეხვდეთ ღირსეულად. ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა ღირსეული პასუხი. თქვენც იგულისხმებით, რა თქმა უნდა, ამაში. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში".
ჟურნალისტის კითხვაზე, რა დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობს "ოცნება" მაშინ, როცა 20 ქალაქში მეორე ტურები ტარდება, მმართველი პარტიის თავმჯდომრემ შემდეგი განაცხადა:
"მოდით, წაგებას სახეს ნუ დააკარგინებთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ ტელევიზიებს, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენი მდგომარეობა არის მძიმე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო. თქვენი დაკარგული, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ".


