"მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ გამარჯვებას"
03/10/2021 08:30:04 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის მზად არის.
მისი თქმით, პატივს სცემს ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ.
„თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი, პოლიტიკური პროცესის დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ, თუ სხვამ, მაგრამ ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება, მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.


