"როგორც პრეზიდენტი სულ ვაბრუნებ მოქალაქეებს უკრაინაში, ეს მიხეილ სააკაშვილსაც ეხება"
03/10/2021 09:45:24 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.
როგორც მან განაცხადა, იგი ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალაუფლებაშია.
„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ჩვენ ყველა ვიქნებით ამით დაკავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მას საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით ეძებდა. როგორ და რა გარემოებებში შემოაღწია სააკაშვილმა ქვეყანაში ჯერ–ჯერობით უცნობია.


