ევროპარლამენტარი: „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაუსჯელობის სინდრომის განვითარება – ეს არის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს“
03/10/2021 11:55:41 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის წევრი მიშელ გალერი აცხადებს, რომ დელეგაცია ხმების დათვლის პროცესს აკვირდება და დასკვნები მოგვიანებით დაიდება.
ამასთან მან უშუალოდ პოლიტიკურ პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, „დაუსჯელობის განვითარება“ არის პრობლემები, რომლებიც დროულად უნდა მგვარდეს.
„გასული წლები თქვენი ქვეყნისთვის რთული გახლდა არა მხოლოდ პანდემიის, არამედ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც ამ დრომდე არაა დასრულებული. თაისუფალი და კონკურეტული გარემოს არაარსებობა, რა საკვირველია, ხელს უშლის კანდიდატებს, იმოღვაწეონ თანაბარ გარემოში. ეს უკავშირდება კომპეტენტურ უწყებებსაც, რომ დაშინების ფაქტები გამოიძიონ ეფექტურად. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაუსჯელობის სინდრომის განვითარება, ეს არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლოვ უნდა მოგვარდეს. ვისურვებდით, რომ არჩევნების შემდეგ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაითვალისწინოს ამ საკითხების მშვიდობიან გარემოში მოგვარება“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა და დასძინა, „მოველით, რომ პოლიტიკურ კრიზისი დასრულდეს და გატარდეს მკვეთრი, საჭირო რეფორმები“.
მისივე თქმით, რიგი უბნები არ იყო ადაფტირებული შშმ პირებისთვის, შეინიშნებოდა ფიზიკური დისტანციის დარღვევა ამომრჩევლების სიჭარბის გამო. ამ კონტექსტში მან მარნეულში და სამცხე–ჯავახეთში მომხდარი დაძაბულობა ახსენა, რაც მისი თქმით, ადგილობრივ დამკვირვებლებს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უკავშირდებოდა.
„პოლიცია ძალიან ახლოს იყო საარჩევნო უბანთან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რაც შეეხება დისტანციის დაცვას, ეს ნაწილობრივ იყო აღსრულებული. იმედი გვაქვს, რომ წარდგენილი საჩივრები განხილული იქნება და სრულად მოხდება რეფორმების აღსრულება, რომლებიც საქართველოს დღის წესრიგში დგას. მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, რომ იყო მშვიდო და მომწიფებული საარჩევნო დღე, საარჩევნო პროცესი და ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა.


