
ჯონსონისა და გალერის პასუხი კითხვაზე, მოახდენს თუ არა გამოვლენილი დარღვევები რეალურ გავლენას არჩვენების შედეგებზე
03/10/2021 12:16:19 პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ უშუალოდ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე დადებითად შეაფასა, ისაუბრა იმ უსამართლო გარემოზე, რამაც, საბოლოოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა. ამ კონტექსტში დამკვირვებლებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მოახდინა თუ არა გავლენა დაფიქსირებულმა დარღვევებმა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შედეგებზე
"ჩვენ არ ვიმყოფებით იმ პოზიციაში გავზომოთ, რა დოზით და რა ხარისხით ექნება გავლენა ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებს საბოლოო შედეგებზე", – ასე უპასუხა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა კითხვას.
მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღრიცხული დარღვევები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა:
"ჩვენ აღვრიცხეთ ეს დარღვევები და გადაეცემა შესაბამის ორგანოებს შემდგომი გამოძიებისთვის, თუმცა ახლა ვერ გეტყვით, რამდენად მოახდენს ეს არჩვენების საბოლოო შედეგებზე".
თავის მხრივ, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის წევრმა მიშელ გალერმა აღნიშნა, რომ შედეგებზე გავლენაზე საუბრისას "წინასაარჩევნო პერიოდიც გასათვალისწინებელია".
"შესაბამისად, ყველაფერი გახლავთ ნაწილი ამ სრული, მთლიანი პროცესისა და ეს გავლენას ახდენს რაღაცა დოზით არჩევნების შედეგებზეც. როგორც ბატონმა ჯონსონმა აღნიშნა, ჩვენ ვერ შევაფასებთ ამ ყველაფერს და სწორედ ამიტომ მივმართავთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. შემდგომი ერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება გაკეთდეს გახლავთ ის, რომ ვისურვებდით პოლიტიკური კლიმატი აქ შეიცვალოს და გადაიდგას ნაბიჯები წინ და დასრულდეს დაპირისპირება".
რაც შეეხება დარღვევებს, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა აღნიშნა, რომ „ადგილობრივ არჩევნებს გავლენა ჰქონდა ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებზე და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი საკითხები“:
„მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება, ასევე გაშუქება იყო მიკერძოებული, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე, დაშინება და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები იყო შემაშფოთებელი“.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, „ბოროტად იყო გამოყენებული მმართველი პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლების რესურსი. კერძოდ, ეს ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე”:
„ბევრმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რადგან ადგილი ჰქონდა ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან“.
მისივე შეფასებით, „მმართველ პარტიას მისცა არასათანადო უპირატესობა თანამდებობის პირების ჩართულობამ საარჩევნო პროცესში“.
მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პერიოდში მოსყიდვის, დაშინებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებაც.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ამოქმედდა 26 აგვისტოს და ქვეყანაში 4 სექტემბრიდან მუშაობდა მისიის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. მთლიანობაში, აღნიშნული მისიის ფარგლებში არჩევნებს 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა.