ზურაბიშვილს 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სამი ძირითადი შენიშვნა აქვს
03/10/2021 12:52:39 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე“, თუმცა სამ ძირითად შენიშვნაზე ამახვილებს ყურადღებას:
- „ერთი ის, რომ სამწუხაროა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს - მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.
- ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.
- და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მითუმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, მათ ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა“.
პრეზიდენტი ამბობს, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია:
„ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამეთუ ჩვენკენ არის მომართული ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ყურადღება. ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმაპირობებელი და განმსაზღვრელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მსურს, ყველა მოქალაქეს ამისათვის მადლობა გადავუხადო.
მნიშვნელოვანი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე დემოკრატიისა და სტაბილიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბევრი ძალა ამას ებრძოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „ქართველმა ხალხმა გუშინ არჩევნებში თავისი მონაწილეობით აჩვენა, რომ მისი არჩევანი არის მშვიდობა, სტაბილურობა და არა არეულობა, არა დაპირისპირება, არა ძალადობა და პოლარიზაცია. თუ რამე ცვლილებებია საჭირო, სწორედ ამისთვის არსებობს ეს გზა - არჩევნების გზა. ამომრჩეველმა ეს ყველას ნათლად დაანახა“.
მან ყურადღება გაამახვილა არჩევნებში პატარა პარტიების მონაწილეობის სიმრავლეზე, რაც ზურაბიშვილის შეფასებით, „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოს მრავალფეროვნებისთვის“.
ზურაბიშვილის ხედვით, „ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა“.


