ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი: "43%-იანი დათქმის გარდა, 19 აპრილის შეთანხმების სხვა ასპექტები ძალაშია"
03/10/2021 13:46:13 პოლიტიკა
ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი მიხაელ გალერი აცხადებს, რომ "43%-იანი დათქმის გარდა, 19 აპრილის შეთანხმების სხვა ასპექტები ძალაშია".
მისი თქმით, წინასწარი შედეგებით ჩანს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 43%-იანი ბარიერი გადალახა.
„[19 აპრილის შეთანხმების] ჩვენ ერთგულნი ვართ, პარლამენტიც და ბატონი მიშელიც, თუმცა იმედგაცრუებაც იყო საკმაო დოზით, მისი მცდელობების შემდეგ. [...] 19 აპრილის შეთანხმების სხვა ასპექტები, გარდა 43%–ისა, ძალაში რჩება და, იმედი მაქვს, სასამართლო რეფორმასთან, პარლამენტში თანამშრომლობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში სხვა პარტიებიც ან დაუბრუნდებიან, ან შეურთდებიან ამ პლატფორმას”, -განაცხადა გალერმა და დასძინა, რომ "წინასწარი მონაცემები ასეთია".
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა". "ქართული ოცნება" უარს ამბობდა დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო.


