ცესკო–ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 6 პარტია დააკომპლექტებს
03/10/2021 14:25:57 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პროპორციული წესით სავალდებულო 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ - 40.33% – 19 მანდატი
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97% – 13 მანდატი
- „გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85% – 4 მანდატი
- „ლელო“-3.63% – 2 მანდატი
- „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3% – 1 მანდატი.
- „ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57% – 1 მანდატი.
წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მოგებული აქვს თბილისის 10-დან 9 მაჟორიტარული ოლქი, შესაბამისად, ემატება 9 მანდატი და საკრებულოში უკვე ფლობს უმრავლესობას.
თბილისის საკრებულოს წევრობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ საბურთალოს ოლქში ვერ გამოვლინდა. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ავთანდილ ცინცაძეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ კანდიდატი ბორის ყურუა დაუპირისპირდება.


