„ლელო“ მეორე ტურში ოპოზიციის მერობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს
03/10/2021 14:34:51 პოლიტიკა
„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ოლქში, სადაც ოპოზიციის მერობის კანდიდატები მეორე ტურში გავიდნენ, პარტია მათ დაუჭერს მხარს.
„ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები გადავიდნენ მეორე ტურებში, იგულისხმება მერობის კანდიდატები. მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში. რადგან ეს ნიშნავს სწორედ, ცვლილებებს. ცვლილებებს, რომელიც გაგვიკეთა ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, მან „ლელოს“ შედეგებზე ისაუბრა:
„მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ყველა შეფერხებისა, ხელოვნური ბარიერისა, „ლელომ“ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის. 25 მუნიციპალიტეტში „ლელოს“ ეყოლება წარმომადგენელი საკრებულოებში. თბილისსა და ბათუმის საკრებულოებში „ლელოს“ ეყოლება 2-2 წევრი“.
რაც სეეხება უსუალოდ არჩენების დღის შეფასებას, ჯაფარიძე ამბობს, რომ „კიდევ ერთი ძალადობრივი არჩევნების მოწმენი გავხდით:
"სამწუხაროდ, ამ არჩევნებს ვერ ვუწოდებთ თავისუფალს, დემოკრატიულს. ის იყო სავსე ძალადობრივი აქტების, მოსყიდვის, დაშინების ფაქტებით, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პირობებში ეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება კახა კალაძისა და ნიკა მელიას მონაწილეობით.
იხილეთ ასვეე: 20 ქალაქი, სადაც მეორე ტურებია მოსალოდნელი


