ღარიბაშვილი: „ვერსიად ოპოზციის რამდენიმე ლიდერის მკვლელობას განიხილავდნენ“
03/10/2021 17:17:11 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა "სისხლიან პროვოკაციას" რუსთაველის გამზირზე, სადაც 3 ოქტომბერს დიდი საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო.
„ჩვენ სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ბინძური პროვოკაცია. კულმინაციის დროს, ალბათ, მაქსიმუმ 10 ათასი კაცის მობილიზებას შეძლებდნენ. პოლიციას მოუწევდა მისი დაკავება, მათ შორის – სპეცსაშუალებების გამოყენებით. ამ დროს ვერსიად განიხილავდნენ ოპოზციის რამდენიმე ლიდერის მკვლელობას. პირდაპირ გითხარით, შიდა ინფორმაცია გვაქვს, რომ ამგვარად იგეგმებოდა ჩვენი ხელისუფლების ბოლომდე დელეგიტიმაცია. სრულად დავკარგავდით ლეგიტიმიურობას. უცხოეთში აჩვენებდნენ, ნახეთ რა ხდება, ხოცავენ ოპოზიციის ლიდერებს და რეალურად მოითხოვდნენ არა სააკაშვილის დაკავებას, არამედ მთავრობის გადაგომას და ახალი არჩევნების დანიშნავს. ასეთი მასშტაბის პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენ ქვეყანას და ხალხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პრემიერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისამართით სიძულვილის შემცველი და არაეთიკური ლექსიკა კვლავ გამოიყენა:
„ამ ავადმყოფმა კაცმა დაიჯერა და, ალბათ, ჩვენც დავაჯერეთ კარგად, რომ აქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ყველაფერი შეიძლებდა გაეკეთებინა. იფიქრა, რომ ამას გააკეთებდა ჩვენს დროს, ჩვენს პირობებში. ცეხცლს ეთამაშებიან, მათ არ იციან, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას“.
ამასთან, მან კვლავ გაიმეორა „ქართული ოცნების“ ლიდერების ვერსია ენმ–ში დაპირისპორების თაობაზე და განაცხადა, რომ ნიკა მელია, რომელსაც მისი თქმით, წინააღმდეგობა ჰქონდა და აქვს მიხეილ სააკაშვილთან, ხსენებული სცენარს ეწინააღმდეგებოდა და სააკაშვილის საპატიმროში ყოფნით „მელია არის ბედნიერი“.


