"შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე" - სააკაშვილის მორიგი გზავნილი ციხიდან
04/10/2021 14:27:30 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოგზავნა. ის ჟურნალისტებს მისი ინტერესების დამცველმა ნიკა გვარამიამ გააცნო, რომელმაც ექს–პრეზიდენტი რუსთავის ციხეში ადვოკატის რანგში მოინახულა.
"როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც.
როგორც ალბათ იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა. მინდა ასევე იცოდეთ, რომ შიმშილობას არ შევწყვეტ არც ერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ გათავისუფლდებიან. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე. თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც. ვიცი, რაზე მივდივარ.
არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, თუმცა, წინასწარვე უარი განვაცხადე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემი უგონოდ ყოფნის შემთხვევაში რამე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ეს მე ხელის ჩამოსაშვებად არ მომიწერია, პირიქით, გწერთ იმისთვის, რომ გააქტიურდეთ და იბრძოლოთ",– ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის საქართველოშია და ვიდეოებიც გამოაქვეყნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.


