მოსმენების საკითხზე ელჩებთან შეხვედრის თაობაზე საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს
04/10/2021 15:52:17 პოლიტიკა
საგარეო უწყება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფის მიერ სავარაუდო მიყურადებაზე გამოთქმული შეშფოთების შემდეგ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.
„აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითმა ჯგუფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვედრაზე მათ სავარაუდო მიყურადებაზე შეშფოთება გადასცა. ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ტვიტერზე გაავრცელა.
საუბარია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "სუს-ის ფაილების" სახელით გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომელშიც ელჩებიც ფიგურირებდნენ.


