უკრაინის კონსულმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
05/10/2021 05:24:26 პოლიტიკა
უკრაინის კონსული რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეგ ნიკოლენკომ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საპატიმროში არსებულ პირობებს არ უჩივის.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისში უკრაინის საელჩო მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც უკრაინის მოქალაქისთვის, საკონსულო და სამართლებრივ დახმარებას განაგრძობს. კონსული თანამშრომლობს მის ადვოკატებთან“, - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი დააკავეს. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.
სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეებზე. 2018 წელს ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიესაჯა თავისუფლების 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.


