სააკაშვილი - ზელენსკის: "ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას რუსეთის იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად"
05/10/2021 06:24:23 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ციხიდან წერილით მიმართავს da მადლობას უხდის იმ განცხადებისთვის, რომელიც უკრაინის ლიდერმა გააკეთა.
"ძალიან მადლიერი ვარ თქვენი განცხადების, რომელიც არის პირველი რიგის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უკანონო დაკავებასა და პატიმრობაზე საქართველოში, გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც არავინ აღიარებს მსოფლიოში, გარდა რუსეთისა. საქართველო არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა - ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო უკრაინაში მიმდინარე ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში თქვენი ხელმძღვანელობით. ვინაიდან, ფაქტობრივად, მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დასაცავად. პატივისცემით, მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნულია წერილში.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი დააკავეს. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.
სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეებზე. 2018 წელს ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიესაჯა თავისუფლების 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.


