კობახიძე - ჟურნალისტებს: "ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ ხომ იცით? 2012 წელს როგორ ადარებთ 2021 წლის არჩევნებს?"
05/10/2021 09:07:07 პოლიტიკა
"ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ ხომ იცით? - 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, ან სხვა რამეშია საქმე", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ–ის სენატორ ჯიმ რიშის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სენატორმა არ იცის, როგორი იყო 2012 წლის არჩევნები და ჟურნალისტს კითხვას უკან უბრუნებს, მას თუ ახსოვს 2012 წლის არჩევნები.
“თქვენ გახსოვთ 2012 წლის არჩევნები? წლევანდელიც ხომ ნახეთ და ადარებთ წლევანდელს და 2012-ის არჩევნებს? როცა ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოკითხო, არ ვიცი, ეს წარმოუდგენელი რამ არის. თქვენ არ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წელს? სენატორმა არ იცის და თქვენ ხომ იცით? ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ არ ვიცი, შეიძლება ბავშვი იყავით და არ გახსოვთ, მაგრამ 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, ან სხვა რამეშია საქმე,” - განაცხადა კობახიძემ.
"საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატული უკან დახევა იყო 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი", - ასე აფასებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რაში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას.
„შეშფოთებული ვარ დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია", - აცხადებს სენატორი.


