"უნდა დავიწყოთ მზადება დიდი აქციისთვის, თავისუფლება მიშა სააკაშვილს!"
05/10/2021 12:02:03 პოლიტიკა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. იგი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე მხარდამჭერებს მოუწოდებს, საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდონ, რის შემდეგაც კონკრეტულ თარიღს დაელოდებიან აქციის გასამართად.
“უნდა დავიწყოთ მზადება დიდი აქციისთვის, სრულიად საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. აქედანვე დავიწყოთ დაორგანიზება, ერთმანეთთან შეხმიანება. მომწერეთ პირადში სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. სრულად მობილიზებულები დაველოდოთ კონკრეტულ თარიღს. ბრძოლა იქნება ბოლომდე. თავისუფლება მიშა სააკაშვილს”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი დააკავეს. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.
სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმეებზე. 2018 წელს ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის საქმეზე მიესაჯა თავისუფლების 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე - 3 წლით აღკვეთა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.


