ლიზა იასკო: "გვშურს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ჰყავს"
05/10/2021 14:26:00 პოლიტიკა
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფებოდა. როგორც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია.
"ვფიქრობ, საქართველო ბედნიერი უნდა იყოს რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის. საკუთარი ხალხის სიყვარულისთვის ის ყველაფერზეა წამსვლელი. ვამაყობ ადამიანით, რომელსაც თავისი ქვეყანა ასე უყვარს. ეს დიდი ბრძოლაა, რომლის მოგებაც ასე გჭირდებათ. ის პოლიტიკური პატიმარია და არ ეთანხმება ბრალდებებს. ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის, ქვეყნის მომავალი და მიშა უნდა დაიცვათ თქვენც. ამასთანავე, ის უკრაინელი პოლიტიკოსია და უკრაინისთვის ბევრი აქვს გაკეთებული. გვშურს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ჰყავს", - ამბობს ლიზა იასკო.
როგორც სააკაშვილი და იასკო ამბობენ, მათ საერთო ოჯახი აქვთ შექმნილი. იასკოსა და სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს. იასკო უკრაინის პარლამენტის დეპუტატია მმართველი პარტიიდან. სააკაშვილის დაკავების შემდეგ მან გამოაქვეყნა ერთად გადაღებული ვიდეო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ ის და ლიზა ერთად იყვნენ და სურდათ ამის შესახებ საზოგადოებასაც გაეგო.


