"სამწუხაროდ, პირველ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის"
06/10/2021 06:34:29 პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეფასებით დაიწყო და აღნიშნა, რომ "სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პირველ ტურში ვერ შეძლო, მაგრამ ტრაგედია არაა".
"სამწუხაროდ პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, მაგრამ ტრაგედია არაა. 2 ოქტომბერს მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის მიერ გამოცხადებული. ე.წ. რეფერენდუმი. თბილისის საკრებულოში ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს. ეს არჩევნები და ე.წ.რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ. მთელმა საარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის მუშაობა 1 წუთითაც არ შეჩერებულა. ამ 4 წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ, რომ ქალაქის აღმშენებლობა უპრობლემოდ მოხდეს მომდევნო წლების განმავლობაში",- განაცხადა კალაძემ.


