ოპოზიციის ნაწილის რეაქცია თბილისის კოალიციური მთავრობის თაობაზე მელიას შეთავაზებაზე
06/10/2021 11:02:43 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ენმ-ის თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ დედაქალაქის კოალიციურ ჩრდილოვან მთავრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კოალიციებში მონაწილეობას არ აპირებს.
“ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. იმიტომ, რომ ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც ამ არჩევნების შემდგომ დადგა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ თბილისის კოალიციური მთავრობის შექმნა "ნორმალურად მიმაჩნია":
"ევროპული საქართველოსთვის“ და ჩვენი მხარდამჭერებისთვის მეორე ტურში გასვლის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემის მოტივაცია არ არის კოალიცია, არის ამ რეჟიმის მორყევა. ამიტომ მოვუწოდებ მომხრეებს, რომლებიც ქვეყანაში 30 ათასი გვყავს და სხვებსაც, რომ პრინციპულია ახლა მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი, რომელიც მე ნორმალურად მიმაჩნია“, - აღნიშნავს ბოკერია.
“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის გზავნილი საზოგადოებისგან მოდის და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ ეს დაკვეთა გაითვალისწინონ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.
“დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში მე მოვიცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც ყველა თბილისელი საკუთარ თავს დაინახავს”, – განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში 5 ოქტომბერს.
მისივე თქმით, "დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ მყარი პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუხედავად პარტიული თანამდებობებისა, გამარჯვების შემდეგ ისინი მაღალ პარტიულ თანამდებობას დატოვებენ".


