კუჭავა – უკრაინაში ვიზიტზე: "მიხეილ სააკაშვილზე საერთოდ არ გვქონია საუბარი"
06/10/2021 20:34:43 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, მას უკრაინაში ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განუხილავს.
"მიხეილ სააკაშვილზე საერთოდ არ გვქონია საუბარი. ერთადერთი რაზეც ვსაუბრობთ, არის ის მიზნები, რომლებიც უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას გვაქვს ევროკავშირის მიმავალ გზაზე", - თქვა კუჭავამ "იმედის" ეთერში და დასძინა, რომ ხვალ უკრაინის პრემიერ–მინისტრთან შეხვედრისას სააკაშვილის საკითხზე საუბარი დაგეგმილი არაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში 5 ოქტომბერს გაემგზავრა.
3 ოქტომებრს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის სააკაშვილის დასაბრუნებლად ყველაფერს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს. მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის მეშვიდე დღეა, შიმშილობს.


