ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველო «3+3» ფორმატს შეუერთდება

07-10-2021 16:35:31 პოლიტიკა

რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ რეგიონულ ფორმატ «3+3»-ს საქართველოც შეუერთდება. ამის შესახებ მან ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე განხილვის თემას რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის საკითხზე მოლაპარაკებათა ფორმატის ჩამოყალიბებაც წარმოადგენდა, რომელშიც საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთიც მოიაზრებიან.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, "სწორედ მოსკოვმა შეასრულა წამყვანი როლი იმაში, რომ ყარაბაღის კონფლიქტი შეჩერებულიყო, ხოლო შემდეგ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის დონეზე ის სამმხრივი განცხადება გაფორმებულიყო, რომლის საფუძველზეც დღეს რეგიონში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი დგას".

«გარდა ამისა, ამავე ერთობლივ განცხადებაში მოცემულია დარეგულირების მიზნით ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯების ძირითადი პრინციპები, რეგიონში ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციისა და ეკონომიკური კავშირის განბლოკვის ჩათვლით, რისგანაც არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ საქართველოც მოიგებს. ამით სარგებელს ნახავენ ირანიც, რუსეთიც და თურქეთიც, როგორც ამ რესპუბლიკების უახლოესი მეზობლები. დღეს ჩვენ განვიხილეთ ინიციატივა ამიერკავკაციის სამი ქვეყნისა და მათი სამი უახლოესი მეზობლის მონაწილეობით ფორმატ «3+3»-ის ჩამოყალიბების თაობაზე" - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ირანული მხარე მის მიმართ დადებითადაა განწყობილი, ისევე, როგორც აზერბაიჯანი და თურქეთი.

«სომეხ კოლეგებთან ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, საქართველოც, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელსაც ახლა განიცდის, დაინახავს თავის ძირეულ ინტერესს კონსულტაციების მსგავსი მექანიზმის ჩამოყალიბებაში რეგიონული განვითარების დასაჩქარებლად, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქ არსებული კონფლიქტები აფერხებდა" - აღნიშნა მან.

გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელი იყო "ექვსთა პლატფორმის" (რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) ჩამოყალიბება სახელმწიფოთაშორისი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის. მას აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ რუსეთთან არავითარ ერთობლივ ფორმატებში არ აპირებენ ჩაბმას, სანამ ქვეყნის 20% მოსკოვის მიერაა ოკუპირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები